English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 4 ∘ ჯონ ფ. ტომერი
მეტაფორები აშშ-ს ეკონომიკის განვითარების დასახასიათებლად: უხილავი და ხილული ხელის ეკონომიკური სტადიების ჰუმანისტური ხელის სტადიად გარდაქმნა

ნაშრომის პირველ ნაწილში განხილულია სამი მნიშვნელოვანი მეტაფორა, რაც გვეხმარება ამერიკული ეკონომიკის წარსული წარმატების ფაქტორთა გაგებაში. პირველია ადამ სმიტის „უხილავი ხელის“ მეტაფორა, რომლითაც შეგვიძლია საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირების გაგება XVIII საუკუნის შუა და ბოლო პერიოდში. მეორეა - ალფრედ ჩანდლერის „ხილული ხელის“ მეტაფორა, რომელიც გვიჩვენებს საბაზრო ეკონომიკის მნიშვნელობის შედარებით შემცირებასა და მენეჯერული გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობის ზრდას ეკონომიკური რესურსების განაწილების პირობებში XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში. მესამე არის რიჩარდ ლანგლოისის „გაუჩინარებადი ხელის“ მეტაფორა, რომელსაც ის იყენებს XX საუკუნის ბოლოსა და XXI საუკუნის დასაწყისის ამერიკული ეკონომიკის ფუნქციონირების საყურადღებო ცვლილებების დასახასიათებლად. ამ სამი მეტაფორის გაერთიანებით, შეგვიძლია დავინახოთ, როგორ შეიცვალა ამერიკული ეკონომიკის ფუნქციონირება, ეკონომიკის ერთი ეტაპიდან მეორეში ტრანსფორმაციის პირობებში.

ნაშრომის მეორე ნაწილი გვაწვდის იდეას, რომ მომდევნო ეკონომიკური ეპოქა შეიძლება დახასიათდეს ,,ჰუმანისტური ხელის“ მეტაფორით. იმ დროს, როდესაც ამერიკის საერთო ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა და ტექნოლოგიურმა პროგრესმა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში,  საკმაოდ მაღალ ნიშნულს მიაღწია, ადამიანისეული მაჩვენებლები არც თუ ისე სახარბიელო იყო. ეს შეფასება ეხება ეკონომიკის ისეთ მაღალ ადამიანისეულ დანახარჯებს, როგორიცაა ქრონიკული დაავადებები და სხვა მიზეზები, რის გამოც ამერიკელი ხალხი სოციალ-ეკონომიკური დისფუნქციის მსხვერპლი გახდა. ჰუმანისტური ხელის მეტაფორისთვის დამახასიათებელია მისი ორიენტაცია თანამედროვე კაპიტალიზმის სოციალ-ეკონომიკური დისფუნქციის უარყოფითი შედეგების დაძლევისაკენ.

იმის აღსაწერად, თუ როგორ შეიძლება აღმოცენდეს და იფუნქციონიროს ჰუმანისტური ხელის ეტაპმა, ნაშრომი ეყრდნობა ელინორ ოსტრომისა და დევიდ უილსონის* კვლევებს. ოსტრომის აზრით, ეკონომიკის პროდუქტიული ჯგუფები შესაძლებელია დისფუნქციურები გახდნენ, თუ ჯგუფის წევრები გამოდიან მხოლოდ ეგოისტური ინტერესებიდან, ანუ ცდილობენ საკუთარი კეთილდღეობის გაზრდას სხვების ხარჯზე. ასეთმა ქმედებამ შესაძლოა ჯგუფის საქმიანობის სრული კრახი გამოიწვიოს. ოსტრომმა და უილსონმა დაადგინეს, რომ საჭიროა ფუნქციური ორგანიზაციების არსებობა, რომლებშიც ჯგუფებს ექნებათ კომუნიკაცია, ერთმანეთის ნდობა და საერთო მიზნები. ჰუმანისტური ხელის ეკონომიკაში ძირითადი ეკონომიკური ორგანიზაციები ფუნქციური ორგანიზაციებია. არსებობს მყარი საფუძველი იმის სავარაუდოდ, რომ ასეთ ფუნქციურ ორგანიზაციებში, ეკონომიკური საქმიანობით გამოწვეული ადამიანისეული დანახარჯები გაცილებით მცირე იქნება, ვიდრე თანამედროვე კაპიტალიზმისთვის დამახასიათებელ ტიპურ ფირმებში. საბოლოოდ უილსონმა განმარტა - როგორ შეიძლება აღმოცენდეს ჰუმანისტური ხელის ეტაპის ფუნქციური ორგანიზაცია კულტურული ევოლუციის პროცესში.

შესავალი

ნაშრომის მიზანია იმის განხილვა, თუ როგორ დაგვეხმარება სპეციფიკური ეკონომიკური მეტაფორების არჩევა ამერიკული ეკონომიკის წარსული წარმატების ფაქტორების დადგენასა და მომავალი პროგრესის პროგნოზირებაში. ამ მეტაფორების ყურადღებით გაანალიზება ასევე შეიძლება გამოგვადგეს მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების შესწავლაში და ეკონომიკური პოლიტიკის გადაწყვეტილებებების მიმღებებს დაეხმაროს პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტაში. განვიხილოთ სამი უმნიშვნელოვანესი მეტაფორა. პირველი - თავის წიგნში „ხალხთა სიმდიდრის შესახებ“, ადამ სმიტი (1776) იყენებდა „უხილავი ხელის“ მეტაფორას XVIII საუკუნის შუა და ბოლო ხანების საბაზრო ეკონომიკის შესახებ საკუთარი ხედვის გადმოსაცემად. მეორე მეტაფორა ხსნის, თუ როგორ განსხვავდებოდა XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის პირველი ნახევრის ეკონომიკა წინა პერიოდის საბაზრო ეკონომიკისგან. ალფრედ ჩანდლერმა (1977) გამოიყენა „ხილული ხელის“ მეტაფორა იმის საჩვენებლად, როგორ შემცირდა ბაზრის მნიშვნელობა ეკონომიკაში და გაიზარდა ადამიანისეული (ან მენეჯერული) გადაწყვეტილებების მიღების მნიშვნელობა ეკონომიკური რესურსების არათანაბარი განაწილების პირობებში. მესამე - ესაა რიჩარდ ლანგლოისის „გაუჩინარებადი ხელის“ მეტაფორა, რომელსაც ის იყენებს XX საუკუნის ბოლოსა და XXI საუკუნის დასაწყისის ამერიკული ეკონომიკის ფუნქციონირების საყურადღებო ცვლილებების დასახასიათებლად. ეკონომიკის განვითარების სხვადასხვა სტადიისათვის დამახასიათებელი ეს სამი მეტაფორა დაეხმარა ეკონომისტებს აღმოეჩინათ ეკონომიკის ბევრი მნიშვნელოვანი ასპექტი, მათ შორის - თუ როგორ შეიცვალა ამერიკული ეკონომიკის ფუნქციონირება ეკონომიკის ტრანსფორმირების ერთი ეტაპიდან მეორეში გადასვლის პირობებში.

შეუძლებელია მომავლის, მით უმეტეს, მომავალი ეკონომიკური სტადიების ზუსტი განჭვრეტა. თუმცა, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ეს სტადია შეიძლება იყოს „ჰუმანისტური ხელი“. მაშინ, როდესაც ამერიკის ეკონომიკის ეკონომიკური და ტექნოლოგიური მდგომარეობა შედარებით უკეთესი იყო, აშშ-ს ეკონომიკის ზოგადი ადამიანისეული მაჩვენებლები არც თუ ისე სახარბიელოდ გამოიყურებოდა. კერძოდ, ადგილი ჰქონდა ეკონომიკის მაღალ ადამიანისეულ დანახარჯებს, როგორიცაა ქრონიკული დაავადებები და სხვ., რის გამოც ამერიკელი ხალხი სოციალ-ეკონომიკური დისფუნქციის მსხვერპლი გახდა. ჰუმანისტური ხელის მეტაფორისთვის დამახასიათებელია მისი ორიენტაცია თანამედროვე კაპიტალიზმის სოციალ-ეკონომიკური დისფუნქციის უარყოფითი შედეგების დაძლევისაკენ. ეს ეტაპი ფოკუსირებული იქნება ამერიკული საზოგადოების კეთილდღეობის დონის ამაღლებაზე, რომლიც, ბოლო პერიოდში, ეკონომიკის პროდუქტიულობისა და შემოსავლების მატების მიუხედავად, განსაკუთრებით დაბალი იყო.

არსებობს ვარაუდი, რომ ჰუმანისტური ხელის ეკონომიკური ეტაპი კულტურული ევოლუციის პროცესში შეიძლება დადგეს  (უისლონი, 2015 წ.). ამასთან, საერთო კეთილდღეობის რესურსების (CRP) შესახებ ელიონორ ოსტრომის და მისი კოლეგების ნაშრომიდან (2009)  შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გავრცელებული ეკონომიკური თეორიების საპირისპიროდ, შესაძლებელია თავიდან ავიცილოთ რესურსების ჭარბი გამოყენება. ოსტრომმა აჩვენა, რომ საერთო რესურსების გამომყენებლებს შეუძლიათ ერთამენთთან კოორდინაცია და საერთო ინტერესების გამონახვა, ამ პროცესში კი შეიქმნება ფუნქციური ორგანიზაციები.  ოსტრომის, უილსონის და სხვების ნაშრომებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმატებით ფუნქციონირებად საერთო კეთილდღეობის რესურსებთან დაკავშირებული  ძირითადი პრინციპები, შეიძლება განზოგადდეს სხვა კონტექსტით, კერძოდ, მსჯელობაა მრავალი ინსტიტუტის მიერ განხორციელებულ წარმატებულ, დიდი მასშტაბების მქონე ოპერაციებზე, ისეთი ტენდენციების არარსებობის პერიოდში, როგორიცაა ბაზრის ჩავარდნა და მისი არასწორი ფუნქციონირება. სწორედ ეს ორი უკანასკნელი იყო  თანამედროვე კაპიტალისტური ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ადამიანისეული დანახარჯების ზრდის მთავარი მიზეზი.

ეკონომიკური საფეხურები, მეტაფორები და პროგრესი

ქვეყნის ეკონომიკა ყოველთვის იცვლება და ვითარდება. ბუნებრივია, რომ ამ ცვლილებებიდან ზოგი მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე დანარჩენი და უფრო მეტად ასოცირდება პროგრესთან. როგორც აღვნიშნეთ,  წამყვანი ავტორების ნაშრომებზე დაყრდნობით შესაძლებელია ეროვნული ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური სტადიების გამოყოფა და მისი დაკავშირება ეკონომიკურ მეტაფორებთან. ეს მეტაფორები მოკლე, რელევანტურ  ანალიზთან ერთად, საშუალებას მოგვცემს გავაანალიზოთ ამა თუ იმ ეტაპზე ეროვნული ეკონომიკის ფუნქციონირებისა და განვითარების  მნიშვნელოვანი ასპექტები. ასევე შეგვიქმნის წარმოდგენას თითოეული ეტაპის მნიშვნელობაზე, პროგრესში მის მიერ შეტანილი წვლილიდან გამომდინარე; მაგალითად -კონკრეტულ ეტაპზე ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის მნიშვნელობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს მეტაფორები უნაკლო არაა, ის მეტნაკლებად მაინც გამოდგება  შემდეგ კითხვებზე პასუხის გასაცემად:   ამ ეტაპზე მომხდარმა მოვლენებმა რა დოზით იქონია გავლენა ეკონომიკურ  და სოციალურ პროგრესზე? კონკრეტულ ეტაპზე ეკონომიკის ფუნქციონირებამ როგორ შეუწყო ხელი შემდეგ ეტაპებზე მიღწეულ წარმატებებს? როგორ შეესაბამება ეს კონკრეტული ეტაპი ეკონომიკის მთლიან მონახაზს? რა დოზით ანაცვლებს ახალი ეკონომიკური ეტაპი არსებულ ეტაპს? ყოველ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ქვეყნის  სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კურსის დადგენა ბევრად უფრო მარტივდება ამ ტიპის კვლევის საშუალებით, მიუხედავად იმისა, რომ აქ მოცემული ანალიზი შეიძლება არ შეესაბამებოდეს ეკონომიკის  ისტორიული ანალიზისთვის დამახასიათებელ ლოგიკას.  სამომავლოდ, ეს კვლევა შესაძლოა გამოსადეგი გახდეს ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის გადაწყვეტილებების მიმღებთათვის, რათა ადეკვატურად იმოქმედონ და ხელი შეუწყონ ეკონომიკის სწორ ფუნქციონირებას.

დონალდ მაკკლოსკის (1985) მიხედვით, მეტაფორები უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური პროცესების განმარტებისა და არგუმენტირებისთვის. მეტაფორები, ესაა ენა, რომელსაც ეკონომისტები იყენებენ: ისინი არ განსხვავდება ორნამენტებისაგან (გვ. 74-76) და განსაზღვრავს ჩვენს ეკონომიკურ და ფილოსოფიურ ხედვებს. ფილოსოფოს მაქს ბლექის თანახმად,  დასამახსოვრებელ მეტაფორას აქვს უნარი მოიყვანოს თანხვედრაში ორი განსხვავებული სფერო - კოგნიტიური და ემოციური. სწორი ენის შერჩევით “აქციოს ერთ ობიექტივად, მეორეს დასანახად“ (მაკკლოსკი 1985, გვ.76). მეტაფორები ესაა - ,,განსაზღვრული გზა, მეთოდი საქმის კურსში გასარკვევად.“; მათ „შეუძლიათ გაგვაოცონ გზების დასახვით, რაც ერთ დროს უხილავი იყო ჩვენთვის“ (გვ. 77). უფრო მეტიც, ,,ეკონომიკურ მეტაფორებს სწორედ ის ხდის განსაკუთრებულს, რაც გამოარჩევს პოეზიას სხვა დანარჩენისაგან’’ (გვ. 78).

უხილავი ხელის მეტაფორა

უხილავი ხელის მეტაფორის თავდაპირველი ვერსიის პოვნა შესაძლებელია ადამ სმიტის ნაშრომში - „გამოკვლევა ერთა სიმდიდრის შესახებ“, რომელიც პირველად გამოქვეყნდა 1776 წელს. ადამ სმიტი აღნიშნავდა:

„ყველა ინდივიდს, ვინც იყენებს კაპიტალს, იმდენად დიდი წვლილი შეაქვს საზოგადოების წლიურ შემოსავალში, რამდენიც შეუძლია. მან ზოგადად ... არც ის იცის, რომ საზოგადოებრივ ინტერესებს ემსახურება და არც ის - თუ რამდენად დიდი წვლილი შეაქვს მათში ... ის მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავს; ... მასზე მოქმედებს უხილავი ხელი ეფექტი, რომელიც აკეთებინებს იმას, რაც მის ინტერესებში საერთოდ არ შედიოდა... ამგვარად, სწორედ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით იმაზე მეტად ზრდის საზოგადოებრივ კეთილდღეობას, ვიდრე ამას სურვილის შემთხვევაში გააკეთებდა.“

ნებაყოფლობითი, პირად ინტერესებზე დაფუძნებული ვაჭრობა, რომელსაც საქმიანი ადამიანები ახორციელებენ თავისუფალ ბაზარზე, საზოგადოებისათვის ქმნის გაუთვალისწინებელ და ფართოდ გავრცელებულ ეკონომიკურ სარგებელს. თავისუფალი ვაჭრობა გვაწვდის სიგნალებს გასაყიდი პროდუქტის ღირებულებისა და ფასის შესახებ, რაც თავისთავად უბიძგებს კონკურენციაში მყოფ მომხმარებლებსა და მწარმოებლებს დააკმაყოფილონ ერთმანეთის სურვილები და მოთხოვნილებები. ადვილი მისახვედრია, რომ ეს საბაზრო სიგნალები ხელს უწყობს ბაზრის ეფექტიან ფუნქციონირებას. ასე რომ, როდესაც საქონელზე მოთხოვნა იცვლება, ეს იწვევს ფასისა და მოგების ავტომატურ ცვლილებას, რასაც მიწოდების შესაბამისი ცვლილება მოჰყვება.

უხილავი ხელის მეტაფორას წლების მანძილზე ადამ სმიტი და ბევრი  სხვა მეცნიერი იყენებდა იმ იდეის მხარდასაჭერად, რომ თავისუფლად მოვაჭრე, საკუთარი ინტერესებით მოტივირებული გამყიდველები და მყიდველები ქმნიან თვითრეგულირებად სისტემას, რომელიც იმაზე უკეთ ფუნქციონირებს, ვიდრე გეგმური ეკონომიკა. თავისუფალი, არარეგულირებული ვაჭრობის მომხრეები იზიარებენ laissez faire (ფრანგ. „თავის დანებება“’) პოლიტიკას. დროთა განმავლობაში უხილავი ხელის იდეა კაპიტალისტური სისტემის თავისუფალი ბაზრის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი გახდა. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ „უხილავი ხელის“ მეტაფორა გვიჩვენებს  აშშ-ს და ბევრი ევროპული ქვეყნის ეკონომიკის  ბუნებას XVIII და მე-XIX საუკუნეების პერიოდის განმავლობაში. უხილავი ხელის მეტაფორა  ნაშრომში გამოიყენება კაპიტალიზმის ადრეული საბაზრო-ორიენტაციის სტადიის აღსანიშნავად. მეტაფორის დანიშნულებაა ისიც, რომ დაგვეხმაროს აღვიქვათ არამხოლოდ ძველი საბაზრო ეკონომიკის განსხვავებული ასპექტები, არამედ დავინახოთ, თუ როგორ აზროვნებდნენ ამ პერიოდში ადამიანები  და როგორ უძღვებოდნენ საკუთარ მეურნეობას.

აღსანიშნავია, რომ ადამ სმიტის მიერ უხილავი ხელის მეტაფორის გამოყენება ნაწილობრივ გვიჩვენებს, თუ როგორ ფუნქციონირებდა ბაზარი რეალურად. ბოლოს და ბოლოს, უხილავი ხელი ხომ იდეალურია. ა. სმიტმა ხაზი გაუსვა იმას, როგორ შეიძლება ბაზრები კარგად ფუნქციონირებდნენ მთავრობის მინიმალური ჩარევით. ბაზრებს ასევე შეუძლიათ ხელი შეუწყონ შრომის დანაწილებას, პროდუქტიულობის გაზრდას და  ეკონომიკურ ზრდას. თავისი წიგნის „ერთა სიმდიდრე“  სხვა ნაწილებშიის აკრიტიკებდა საბაზრო ეკონომიკის რამდენიმე ასპექტს. ვინაიდან ა. სმიტი იყენებდა უხილავი ხელის მეტაფორას, შეიძლება მისი კრიტიკა საბაზრო ეკონომიკის სუსტი მხარეების არასათანადოდ ახსნაში, მაგალითად, იმ შემთხვევების დროს, როცა ბაზარი შეიძლება დისფუნქციური იყოს.

ხილული ხელის მეტაფორა

შემდეგი მნიშვნელოვანი ეკონომიკური მეტაფორის სახელწოდება სათავეს იღებს ალფრედ ჩანდლერის (1977) წიგნიდან - „ხილული ხელი“. ეს მეტაფორა აშკარად ცალსახად კონტრასტულია „უხილავი ხელის“ მეტაფორასთან. საყურადღებოა, რომ მას მენეჯერულ კაპიტალიზმად მოიხსენიებენ. ჩანდლერის მიხედვით XIX საუკუნის შუა ხანების აშშ-ში „ეკონომიკურ აქტივობასა და რესურსების განაწილებასთან კოორდინირებულმა თანამედროვე ბიზნესწარმოებამ ჩაანაცვლა საბაზრო მექანიზმი. ეს იყო მენეჯმენტის ხილული ხელი, რომელმაც „თავის თავზე აიღო საქონლის ნაკადის კოორდინირების ფუნქცია... წარმოების პროცესი, სამუშაო ძალისა და რესურსების განაწილება“. შესაბამისად, „თანამედროვე ბიზნეს კომპანიები... აშშის ეკონომიკის ყველაზე ძლიერი ინსტიტუტები, მათი  მენეჯერები კი - ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიმღებ პირთა ყველაზე გავლენიანი ჯგუფი გახდა (ჩანდლერი, 1977).

ჩანდლერის აზრით, XIX საუკუნის ბოლოს,  მსხვილ ბიზნეს-საწარმოს, როგორც წესი, გააჩნდა საკმაო რაოდენობის ბიზნეს-განყოფილებები ან ნაწილები, რომლებიც განსხვავებული სახის საქონელსა და მომსახურებას აწარმოებდნენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფირმები უბრალოდ კი არ გაიზარდნენ, არამედ გადაიქცნენ მრავალპროფილიან საწარმოებად. იმ მსხვილ ბიზნე-სსაწარმოებს შორის, რომლებსაც ჩანდლერი შეისწავლიდა, იყვნენ E. I. DuPont-ი; Standard Oil of New Jersey; General Motors-ი; და Sears, Roebuck and Company. ამ კომპანიების ქმედებები და ურთიერთობები კოორდინირებული იყო მენეჯერული იერარქიით. ასევე მათ შორის ოპერაციები კოორდინირდებოდა საშუალო და ტოპმენეჯერების მიერ და არა - საბაზრო მექანიზმებით. ეს კომპანიები განსხვავდებოდა ადრეული (ტრადიციული) ამერიკული ბიზნეს-ფირმისგან, რომელიც წარმოადგენდა ერთ საწარმოს, აწარმოებდა ერთ პროდუქტს და ასრულებდა ერთ ეკონომიკურ  ფუნქციას. „1840 წლისათვის აშშ-ში ჯერ კიდევ არ არსებობდნენ საშუალო დონის მენეჯერები, რომლებიც სხვა მენეჯერებს გააკონტროლებდნენ და შეატყობინებდნენ არსებული სიტუაციის შესახებ უფროს მენეჯერებს, რომლებიც თავადვე იყვნენ დაქირავებულები“ (გვ. 3). 1840 წლამდე ყველა ტოპ-მენეჯერი მესაკუთრე იყო. ,,პირველი მსოფლიო ომის დროისათვის ამ ტიპის (მრავალპროფილიანი) ფირმები გახდნენ წამყვანი ბიზნეს-ინსტიტუტები ეკონომიკის მრავალ სექტორში’’ (გვ.3). ,,ის რაც ამ ახალმა კორპორაციებმა გააკეთეს, იყო შემდეგი - მათ მოახდინეს საქონლისა და მომსახურების ნაკადების კოორდინაცია და ინტეგრაცია ნედლეულის წარმოების პროცესების განხორციელების გზით, საბოლოო მომხმარებელზე გასაყიდად’’ (გვ.11).

„მენეჯმენტის ხილულმა ხელმა ჩაანაცვლა საბაზრო ძალების უხილავი ხელი, როდესაც ახალმა ტექნოლოგიებმა და გაფართოებულმა ბაზრებმა შესაძლებლობა მისცეს ბიზნესს ისტორიაში უპრეცენდენტოდ დიდი მოცულობა და სიჩქარე განევითარებინა წარმოებისა და განაწილების პროცესში. თანამედროვე კორპორაცია ტექნოლოგიური ინოვაციის სწრაფი ტემპების და ზრდადი მოთხოვნების ინსტიტუციონალური პასუხი იყო  XIX საუკუნის მეორე ნახევარში აშშ-ში“ (გვ.12).

ახალი ტიპის კორპორაციები აშშ-ს ეკონომიკური ზრდის უმნიშვნელოვანესი მამოძრავებელი ძალა (McCraw, 2008, p. 215) მხოლოდ იმიტომ კი არ გახდა, რომ მათი ქმედება, საბოლოო ანგარიშით, უფრო პროდუქტიული იყო, ვიდრე ბაზარზე ორიენტირებული პატარა ფირმებისა, არამედ იმიტომ, რომ ისინი იყენებდნენ მასშტაბის ეფექტს (Usselman, 2006, p. 596) და ასევე ეკონომიკურ ზრდასაც უწყობდნენ ხელს, რადგან ისინი იყვნენ ბირთვი, რის გარშემოც იზრდებოდა საშუალო და მცირე ფირმები (Wikipedia, p. 2).

აღსანიშნავია, რომ მსხვილი, მრავალპროფილიანი საწარმოს წარმატებისთვის საჭიროა შეიქმნას მენეჯერული კლასი, რომელიც აუცილებელია უფრო რთული და ურთიერთდამოკიდებული სისტემის კოორდინირებისათვის. მე-20 საუკუნის შუა ხანებში მენეჯერული კლასის ზრდის მასშტაბი გასაოცარი იყო. იმ დროისათვის „ამ საწარმოებში მუშაობდა ათასობით საშუალო და მაღალი დონის მენეჯერი, რომლებიც კურირებდნენ ათობით და ხშირად ასობით განყოფილების მუშაობას, სადაც დასაქმებული იყო ათი და ხშირად ასი ათასობით დასაქმებული“ (Chandler, 1977, p. 3).

 „იმ დროს, როდესაც ერთგანყოფილებიანი ტრადიციული საწარმოების საქმიანობა კონტროლდებოდა და კოორდინირდებოდა საბაზრო მექანიზმის მეშვეობით, თანამედროვე ბიზნეს-საწარმოს გამოშვებასა და განაწილებაზე ორიენტირებული განყოფილებები იმართება საშუალო საფეხურის მენეჯერების მიერ. ტოპმენეჯერებმა კი, რომლებიც აფასებენ და კოორდინირებას უწევენ საშუალო კლასის მენეჯერების საქმიანობას, დაიწყეს ბაზარზე რესურსების განაწილება სამომავლო წარმოებისა და განაწილებისთვის. ამ ფუნქციის შესასრულებლად მენეჯერებს უწევდათ ახალი მეთოდებისა და პროცედურების გამოგონება, რომლებიც დროთა განმავლობაში იქცა მართვის სტანდარტულ მეთოდად აშშ-ს წარმოებასა და განაწილებაში“ (გვ. 7).

შემდგომში ეს მენეჯერები, როგორც წესი, დაკავებულნი იყვნენ კარიერით, რაც მათ საქმიანობას უფრო ტექნიკურს და პროფესიონალურს ხდიდა (გვ. 8). იმის გამო, რომ ამ საქმიანობას სპეციალური უნარი სჭირდებოდა, მათი არჩევა და დაწინაურება მოითხოვდა მათი ცოდნის, გამოცდილებისა და მწარმოებლურობის გათვალისწინებას. ოჯახურმა ურთიერთობებმა და ფულმა დაკარგა საკვანძო ფაქტორის მნიშვნელობა (გვ. 8-9). მენეჯერები სულ უფრო მეტად მიილტვოდნენ კარიერული ზრდისკენ, ისინი მოტივირებულნი იყვნენ ცხოვრებისეული კარიერული განვითარებით, რაც „იერარქიულ საფეხურზე ასვლას გულისხმობდა“ (გვ.9). მართვის ხასიათის ასეთი ცვლილებები სულ უფრო უწყობდა ხელს საკუთრებისა და მართვის ცნებების ერთმანეთისგან გამიჯვნას.

გაქრობადი ხელი

რიჩარდ ლენგლოის ნააზრევის მიხედვით (2003), კაპიტალიზმის ეკონომიკური სტადია, რომელსაც ჩენდლერმა ხილული ხელი უწოდა, დასასრულს მიუახლოვდა XX საუკუნის შუა ხანებში. ის აღწერდა, რომ ვერტიკალური ინტეგრაციის მქონე დიდი, მრავალპროფილიანი კორპორაციები შეიცვალა ისეთი საწარმოებით, რომლებიც უპირატესობას ანიჭებდნენ ვერტიკალურ დისინტეგრაციას - დაშლას ან ნაკლებად ვერტიკალურ ინტეგრაციას. ლანგლოისის მსჯელობის მიხედვით, მსხვილი მრავალპროფილიანი საწარმოები იმ ლანდშაფტის  „სულ უფრო მცირე ნაწილად იქცევიან, რომელიც [ახლა] გამოხატავს საბაზრო და ქსელური [ორგანიზაციული] ფირმების  ფართო ვარიაციებს“ (გვ. 353). ლენგლოი იყენებს  გაქრობადი ხელის მეტაფორას ამ პერიოდის ინდუსტრიული კაპიტალიზმის ბუნების გამოსაკვეთად. ხილული ხელის გაქრობადი ხელის საფეხურით შეცვლა, ლენგლოისის მიხედვით, არ არის ისეთივე დრამატული, როგორიც იყო უხილავი ხელის ცვლილება ხილული ხელით (გვ. 532-353).

გაქრობადი ხელის ეკონომიკურ სტადიაში ინოვაციური ტექნოლოგიური ცვლილებები ხშირად იწვევს წარმოების მასშტაბის შემცირებასა და გამარტივებას. ეს კარგად გამოჩნდა ელექტროენერგიის წარმოების სფეროში, სადაც ახალი ტექნოლოგიების დანერგვამ შეამცირა ახალი ელექტროენერგიის მინიმალური ეფექტიანი მასშტაბი (გვ. 370). მსგავსი სიტუაცია შექმნა ტელეფონში ნახევარგამტარული ტექნოლოგიის ზრდამ (გვ.371). ამ და მსგავსი სახის ბიზნესში, შემოსავლის ახალი წყაროს მიღება „შეიძლება მხოლოდ მენეჯერული კორპორაციის ვერტიკალური სტრუქტურის  განადგურებით, ან დაშლით“, განსაკუთრებით კი - რეგულირებულ კომუნალურ კომპანიებში (გვ. 371).   

1960-იანი წლების განსაკუთრებით საინტერესო მოვლენად იქცა კორპორაციები, რომლებიც თავიანთ მენეჯერულ უნარებს გადაჭარბებული დივერსიფიკაციისთვის იყენებდნენ, როგორც ITT აკეთებდა ამას. ეს კორპორაციები გახდნენ კონგლომერატები, რადგან ისინი მოიპოვებდნენ ახალ განყოფილებებს იმ სხვა ფირმების ან სხვა ფირმათა განყოფილებების შეძენით, რაც მათ არსებულ ბიზნესთან არანაირ კავშირში არ იყო. ამის მაგალითს წარმოადგენს ინოვაციები ფასიანი ქაღალდების ბაზარზე, რამაც გაამარტივა აქციების საკონტროლო პაკეტის გამოსყიდვა (გვ. 371-372). იმის გამო, რომ კონგლომერატები მთლიანობაში არაეფექტიანად მუშაობდნენ, დროთა განმავლობაში მოხდა მათი დეკონგლომერაცია. ვინაიდან შეძენილი განყოფილებები გაიყიდა,  მათი საქმიანობა დაუბრუნდა კორპორაციულ სპეციალიზაციას.  კომპანიებს „ურჩიეს“, რომ თავისი „ძირითადი კომპეტენციები“ დაებრუნებინათ (გვ. 372). ვერტიკალური დეზინტეგრაცია და სპეციალიზაცია იყო „1990-იანი წლების, სავარაუდოდ, ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანიზაციული განვითარების მაგალითი“ (გვ. 373). კომპანიები „მომგებიანად მიიჩნევდნენ გარე რესურსების მოზიდვას, რაც  წარმოებული პროდუქციის რაოდენობას ზრდიდა“. ეს განსაკუთრებით ეხებოდა ფარმაცევტულ კომპანიებს, რომლებიც ხშირად ეწეოდნენ საექსპორტო წარმოებას, მარკეტინგსა და კლინიკურ კვლევებს. ნახევარგამტარების მწარმოებელმა ფირმებმა შეინარჩუნეს საკუთარი დიზაინი, განვითარება და მარკეტინგული ფუნქციები, მაგრამ არ გააჩნდათ საკუთარი საწარმოო ქარხნები (გვ. 373). აშშ-ს ავტომობილის მწარმოებლებმა, შექმნეს საკუთარი პროდუქცის დიზაინი, ქსელის მომარაგების სტრატეგიები და უმეტესწილად ქვეკონტრაქტორებს დაეყრდნენ (გვ. 374). ეს ქვეკონტრაქტორები გარკვეულწილად სპეციალისტები იყვნენ, მაგრამ ძირითადად მათ უნივერსალური ცოდნა გააჩნდათ, მათ ჰქონდათ ზოგადი ცოდნა და უნარები.  ამგვარი დეცენტრალიზაციით კომპანიები ახერხებდნენ კოორდინირებაზე გასაწევი მაღალი დანახარჯების თავიდან აცილებას. ამ ტიპის სპეციალიზაციის ნაწილს წარმოადგენდა დიზაინის ხილული წესები. კომპიუტერული ფირმა Dell ცნობილია იმით, რომ „კომპიუტერებს ყიდის შეკვეთით, აწყობს მათ, როგორც ლეგოს, კომპიუტერის სტანდარტიზებული ნაწილებიდან“, რომლებიც, უმეტეს შემთხვევაში, სხვადასხვა ფირმის მიერაა წარმოებული (გვ. 375). აღნიშნული შედეგები მივიღეთ „მთლიანი ეკონომიკის საგარეო შესაძლებლობების“ განვითარებით (გვ. 375). ამ პერიოდის კონკურენტული მოდელის ერთი საინტერესო მაგალითი მოიცავს იპოთეკური სესხის აღების პროცესს: სესხის აღებას,  დაზღვევას, ფლობას და სასესხო მომსახურებას. ეს ნაბიჯები ძირითადად ხორციელდებოდა სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ (გვ. 376).

არსებობს ბევრი ფაქტორი, რამაც XX საუკუნის ბოლო ხანებისა და XXI საუკუნის ბიზნესი იქამდე მიიყვანა, რომ ის სულ უფრო ხშირად მიმართავს ბაზარს საჭირო რესურსების მისაღებად და სულ უფრო ნაკლებად იღებს რესურსებს საკუთარი ორგანიზაციული  ერთეულებიდან. ამ ფაქტორებიდან ერთ-ერთია  საკოორდინაციო ტექნოლოგიების ზრდა, როგორიცაა პერსონალური  კომპიუტერები, ფართო საკომუნიკაციო ქსელი, რამაც შეიძლება  შეამციროს კოორდინაციის ღირებულება ბაზრებს შორის, შიდა  წყაროებთან შედარებით. ლანგლოისის მიხევით (2003, გვ. 377), ეს გამოწვეულია „არამხოლოდ  კოორდინაციის ტექნოლოგიის ცვლილებით,  არამედ ბაზრის მასშტაბების ცვლილებითაც, მოსახლეობის რაოდენობისა და შემოსავლების ზრდით და აგრეთვე ბაზრების გლობალიზაციით“. ბოლო სიტყვები, ეჭვგარეშეა, რომ „პოლიტიკური ბარიერების შემცირებას უკავშირდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით“ (გვ. 377).  XIX საუკუნის ბოლოს, შიდა წყაროების რაოდენობის ზრდამ, რომელიც შიდა  ერთეულებიდან მოდიოდა, მსხვილი მრავალპროფილური საწარმოები შრომის დანაწილების უფრო მაღალ საფეხურამდე მიიყვანა, რამაც გაზარდა პროდუქტიულობა. ამის საწინააღმდეგოდ, XX საუკუნის შუა პერიოდიდან საუკუნის ბოლომდე, შრომის დანაწილების მწარმოებლურობის ცვლილებები ძირითადად ვითარდებოდა იმ საწარმოების მიერ, რომლებიც საკუთარი ინტერესების შესაბამისად იყენებდნენ  უფრო და უფრო მაღალეფექტიან მომწოდებლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით (გვ. 378-379).

გადაწყვეტილების მიმღებთა არაეკონომიკური მოტივები

ნაშრომის წინა ნაწილებში აღწერილი იყო აშშ-ს ეკონომიკური განვითარების სამი მნიშვნელოვანი უხილავი ხელის, ხილული ხელის და გაქრობადი ხელის ეტაპები. ეს დახასიათებები დეტერმინირებული იყო ეკონომიკის მნიშვნელოვანი სტრუქტურული ასპექტების ევოლუციის პარამეტრებით: ბაზრის, ორგანიზაციების, მენეჯმენტის ძირითადი მახასიათებლებით და ცოტა რამ იყო თქმული მნიშვნელოვანი ეკონომიკური გადაწყვეტილების მიმღებთა მოტივაციაზე. ეკონომიკის კაპიტალისტური ბუნების გათვალისწინებით, შეიძლება დარწმუნებით ვივარაუდოთ, რომ კაპიტალისა და სხვა რესურსების მფლობელები უმეტესწილად მოტივირებულნი იყვნენ მოგების პერსპექტივით. ეს ეხება როგორც პატარა, ბაზარზე ორიენტირებული ფირმების მეპატრონეებს, ასევე დიდი ორგანიზაციების აქციონერებს, რომლებიც ხელმძღვანელობენ მრავალდონიან მენეჯერულ იერარქიებს.   მოგების მოტივის მნიშვნელობა და მისი ფუნქციონირება სავარაუდოდ დამოკიდებული იქნება ისეთ გარემოებებზე, როგორიცაა - კომპანიის დამფუძნებლის როლი, ფირმის მოთხოვნა გარე კაპიტალით დაფინანსებაზე, იმაზე, ფირმა სუბკონტრაქტორია, თუ დიდი კორპორაცია და ასევე, აქვს თუ არა დომინირებადი პოზიცია ბაზარზე.

ამასთან, ეს არ ნიშნავს, რომ მფლობელებსა და აქციონერებს არ შეიძლება ჰქონდეთ გადაწყვეტილების მიღების სხვა მნიშვნელოვანი მოტივები. არსებობს ბევრი ისეთი საინტერესო შემთხვევა, როცა მფლობელები ძლიერ არიან მოტივირებული არაეკონომიკური სტიმულებით, თუმცა, ასეთი შემთხვევა, როგორც წესი, გამონაკლისს წარმოადგენს. განვიხილოთ სამი საინტერესო შემთხვევა 1980 და 1990-იანი წლებიდან. მფლობელთა არაეკონომიკური მოტივები და ქცევა, აღწერილი იქნა წიგნებში: ტოპ ჩაპელის „ბიზნესის სული“ (1993), ანიტა როდიკის „სხეული და სული“ (1991) და  ფრედ ლანგერის „ბენი და ჯერი: შიდა სამზარეულო“ (1994).

პირველი წიგნი ტომ ჩაპელის - Tom’s of Maine-ს დამფუძნებლის და პრეზიდენტის ისტორიას ეხება, მისი კომპანია აწარმოებდა მრავალი სახის კბილის პასტას ნატურალური ინგრედიენტებისგან. კომპანიის დაფუძნებიდან რამდენიმე წელში ჩაპელმა აღმოაჩინა, რომ „მისი ყოველდღიური ბიზნეს-ცხოვრება მოძველებული იყო; ხოლო მისი საქმე იქცა შეუსრულებად დავალებად“ (გვ. XI). მან გადაწყვიტა სასულიერო სკოლაში ჩაებარებინა იმისთვის, რომ „კარგი პროდუქტების შექმნის სურვილი დაებრუნებინა“ (გვ. XI). საბოლოოდ, მან „დიდი ფილოსოფოსების ნაშრომებში იპოვა პასუხები“ (გვ. XII) და აღმოაჩინა, რომ „ნამდვილად შესაძლებელია ფირმის მართვა, მოგების მიღებისა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის ზრდის მოტივით“ (გვ. XII). მან შეძლო არამხოლოდ თავდაპირველი ბიზნესის ხედვის დაბრუნება, არამედ მისი დაკავშირება საკუთარ სულსა და ძირითად ფასეულობებთან. რელიგიის შესწავლით მან გაიგო, რომ აუცილებელი იყო ბალანსი სულიერსა და ფიზიკურს შორის და მისი მართვა საჭიროებდა გონებასაც და გულსაც (გვ. XIV). ამის შედეგად მან შეძლო საკუთარი კომპანიის ისეთი გზით მართვა,  რომელიც ესადაგებოდა მის რწმენასა და ფასეულობებს. მან განავითარა ბიზნეს-სტრატეგია და მიზანი, რომელიც თანხვედრაში იყო მის ღრმა ეთიკურ პრინციპებსა და მის სულთან (გვ. XIV-XV).

ანიტა როდიკმა 1976 წელს გახსნა პირველი Body Shop მაღაზია. Body Shop-ის პროფილი კოსმეტიკაა, თუმცა იგი ასევე ცნობილია როგორც სილამაზის ბიზნესი. როდიკს ღრმა რწმენა ჰქონდა იმისა, რომ მისი ბიზნესი სახალისო იქნებოდა და თუ იგი იმართებოდა სიყვარულით, იქცეოდა სიკეთის დიდ ძალად (გვ. 7). ანიტამ იცოდა, რომ კოსმეტიკურ ბიზნესს ძირითადი შემოსავალი ქალი მყიდველებისგან აქვს, ჰყიდის მათზე „სრულიად უაზრო და გამოუსადეგარ პროდუქტებს და საერთოდ არ ითვალისწინებს მათ რეალურ საჭიროებებს“ (გვ. 9). „ის ამორალურად მიიჩნევდა  მუდმივად აიძულო ქალი, რომ საკუთარი სხეულით უკმაყოფილო იყოს.. და მიანიჭო სილამაზის პროდუქტებს სასწაულმოქმედი უნარები“ (გვ. 15). ასევე დარწმუნებული იყო, რომ მისი ბიზნესი იმართებოდა ისეთი ქალური პრინციპების დაცვით, როგორიცაა სიყვარული, მზრუნველობა და ინტუიცია (გვ. 17). ანიტას კომპანიას სურდა სულის გაკეთილშობილება, „ჰოლიზმის გრძნობის შექმნით, სულის განვითარებით, გრძნობით, რომელიც დაკავშირებულია სამუშაო ადგილთან, გარემოსა და ურთიერთობებთან“ (გვ. 22). კომერციული საკითხები მისთვის მეორეხარისხოვანი იყო. მას სურდა გაძღოლოდა მორალურ-ეთიკურ ნორმებზე დამყარებულ საქმიანობას და ურთიერთობა ჰქონოდა ადამიანებთან (გვ. 24). ეჭვგარეშეა, რომ Body Shop-ი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიაა. უფრო მეტიც, ანიტას სურდა, რომ მისი კომპანია განმანათლებლური კაპიტალიზმის ნაწილი ყოფილიყო (გვ. 27).  Body Shop-ის წარმატების ფაქტორი იყო „მოგებისა და პრინციპების ბალანსირება“ (გვ. 154). ამის გამო, Body Shop-ის მუშაობის მნიშვნელოვანი ნაწილი, საზოგადოებრივი პროექტების მხარდაჭერა იყო.

Ben and Jerry’s Ice Cream კომპანია ბენ კოჰენისა და ჯერი გრინფილდის მიერ შეიქმნა ბერლინგტონში, (ვერმონტში), 1978 წელს. გარკვეულწილად Ben and Jerry’s-ს ბიზნესის კულტურა The Body Shop-ის ბიზნესის კულტურის მსგავსია. მისი სტილი იყო 1960-იანი წლების კონტრკულტურის ზოგიერთი ფასეულობის შეტანა ბიზნეს-სამყაროში (Lager 1994, p. xi). კომპანიის არაოფიციალური დევიზი იყო - „თუ ამის კეთება არ არის სახალისო, მაშინ რატომ უნდა გააკეთო ეს?“ ბენს და ჯერის „ღრმად სწამდათ, რომ მათ საქმიანობას საზოგადოებისთვის სასარგებლო უკუკავშირი ექნებოდა. მათ დაიწყეს ნაყინის უფასოდ  დარიგება და ადგილობრივი დღესასწაულების დაფინანსება. როგორც კი კომპანია გაიზარდა, მათი ძალისხმევის მასშტაბიც უფრო გრანდიოზული გახდა, მალე Ben and Jerry’s კომპანია იქცა ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ, სოციალურად აქტიურ კომპანიად აშშ-ში“ (გვ. 243).

მათი მიზანი ცალსახად განსაზღვრავდა მათ ფასეულობებს. ბენისა და ჯერის აზრით, კომპანიის მართვის პასუხისმგებლობა და სიხარული ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოგება.

ერთი ეკონომიკური სტადიიდან მეორეზე გადასვლა

მნიშვნელოვანია იმის განხილვა, რა ხდება ეკონომიკის ერთი სტადიიდან მეორეზე გადასვლისას. წინა ეტაპის (ეტაპების) მოქმედება კი არ ქრება, არამედ ნაკლებად შესამჩნევი და არადომინირებადი ხდება. ხილული ხელის ეტაპზე უხილავი ხელის სტადიას არ შეუწყვეტია არსებობა. მოხდა ის, რომ ეკონომიკური კოორდინაციის მექანიზმის უდიდესი ნაწილი მსხვილი მენეჯერული საწარმოების ხელში მოექცა. არც გაქრობადი ხელის სტადიის დადგომასთან ერთად გამქრალა მსხვილი მრავალგანყოფილებიანი კორპორაციები. მათ, უბრალოდ, თანდათანობით შეუმცირდათ დომინანტური პოზიცია და გავრცელების არეალი. შემდეგ, აშშ-ს ეკონომიკური აქტიურობის უდიდესი ნაწილი მოდიოდა ბევრად უფრო სპეციალურ კომპანიებზე, ისეთებზე, რომლებსაც ქვეკონტრაქტორთა დიდი რაოდენობა გააჩნდათ და არ ეყრდნობოდნენ ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს ორგანიზაციული ერთეულების მიწოდებას.

რა იქნება შემდეგი? ეკონომიკის ჰუმანისტური ხელის ეტაპი

აშშ-ს ეკონომიკური ისტორიის უმნიშვნელოვანესი ეტაპების განხილვის შემდეგ, ბუნებრივია, ჩნდება ინტერესი მომავალი ეკონომიკური სტადიის ხასიათის შესახებ. მიმდინარე ტენდენციების გათვალისწინებით, შესაძლებელია მომავალი ეკონომიკური სტადიის ბუნების  წინასწარმეტყველება. ასეთ მიდგომას სოციოლოგებს ვუტოვებ, რომელთაც აქვთ სოციალ-ეკონომიკური პროგნოზირების გამოცდილება. ამ ნაშრომში გამოყენებული მეთოდი ისეთი ეკონომიკური სტადიის სცენარის შემუშავებაა, რომელიც, განაპირობებს აშშ-ს სოციალ-ეკონომიკურ მაჩვენებლების გაუმჯობესებას. ჩემი შეხედულებით, შემდეგი ეკონომიკური სტადია მოგვცემს საშუალებას სწორად დავსახოთ ეკონომიკის არასწორი ფუნქციონირების გამოსწორების გზები. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს ეკონომიკის საერთო მახასიათებლები დინამიკური და მაღალპროდუქტიული იყო, მისი ადამიანისეული მახასიათებლები, უმეტეს შემთხვევაში, კრიტიკას იმსახურებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აშშ-ს ეკონომიკის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული იყო მაღალი ადამიანისეული დანაკარგები, რაც ნიშნავს უამრავ ადამიანს, რომლებიც იტანჯებიან ისეთი ქრონიკული დაავადებებით, როგორიცაა სიმსუქნე და მე-2 ტიპის დიაბეტი, სიმსივნე, გულის დაავადებები და მრავალი სხვა. უამრავი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბეში (ნარკოტიკებზე, ალკოჰოლურ სასმელზე, აზარტულ თამაშებზე და სხვ. დამოკიდებულებით).  გარდა ამისა, ადამიანებზე უარყოფით გავლენას ახდენს გარემოს მდგომარეობის გაუარესება. ეს ადამიანისეული დანაკარგები ჩვეულებრივ შეიძლება პირდაპირ ან ირიბად იყოს დაკავშირებული სოციალ-ეკონომიკურ დისფუნქციასთან და ბაზრის ჩავარდნის შედეგს წარმოადგენდეს.

იმის გამო, რომ ეკონომიკის ფუნქციონირებამ, ჩვეულებრივ, შეიძლება გავლენა იქონიოს აშშ-ს დაბალ ადამიანისეულ  მაჩვენებლებზე და იმის გამო, რომ იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ძალიან შეშფოთებული არიან ამ საკითხებით, ჩემი წინადადება ეხება მეოთხე ეკონომიკურ ეტაპს, რომელიც ჰუმანისტური ხელის სახელწოდებითაა ცნობილი. მისი არსია ის, რომ ჰუმანიტარულ ეტაპზე ეკონომიკაში მონაწილე ადამიანებს ექნებათ ძლიერი მისწრაფებები იმ დისფუნქციების გამოსასწორებლად, რომლებიც დაკავშირებულია თანამედროვე კაპიტალიზმის აშშ-ში ამჟამად არსებულ სახეობასთან. ჰუმანისტური ხელის სტადიაში ადამიანები ორიენტირებულნი იქნებიან ისეთი ტიპის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის  მიღწევაზე, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, უზრუნველყოფს ადამიანების კეთილდღეობის ამაღლებას, ანუ ისინი ორიენტირებულნი იქნებიან ისეთი საშუალებების შექმნასა  და რეალიზაციაზე, რაც ხელს შეუწყობს სოციალ-ეკონომიკური დისფუნქციით (ბაზრის ჩავარდნით) გამოწვეულ ადამიანისეული დანახარჯების შემცირებას. ამ ნაშრომის მიზანი არ არის იმის დეტალური ახსნა, თუ როგორ მოხდება ყველა პრობლემის აღმოფხვრა. თუმცა, შემდეგ ნაწილში იქნება ახსნილი, როგორ შეიძლება ელინოს ოსტრომის აზროვნებამ უზრუნველყოს ჰუმანისტური ხელის ეკონომიკისკენ მიმავალი გზების ნათელყოფა.

ნაშრომის მომდევნო ნაწილში შევეცდები ოსტრომის ინსტიტუციური ეკონომიკური შეხედულებების ჩამოყალიბებას, რომელიც საერთო რესურსების სპეციფიკურობას შეეხება და დაკავშირებულია ინსტიტუტების როგორც წარმატებულ, ასევე წარუმატებელ ფუნქციონირებასთან. ოსტრომის ნაშრომზე დაყრდნობით, შეიძლება მივიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმის შესახებ, რისი გაკეთებაა აუცილებელი თანამედროვე კაპიტალისტურ ეკონომიკაში, რათა გავაუმჯობესოთ ადამიანისეული მაჩვენებლები ისე, რომ არ დავაზიანოთ ეკონომიკის ფუნქციონირება ჩვეულებრივი გაგებით (გამოშვება, მწარმოებლურობა, ტექნოლოგიური ინოვაციები და ა.შ.). იდეალური იქნებოდა, რომ ჰუმანისტური ხელის სტადიის ეკონომიკაში ყოფილიყო უფრო მაღალი მწარმოებლურობა, სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობა, თანასწორობა, სოციალური ჰარმონია და ამათთან დაკავშირებული სხვა მაჩვენებლები, ვიდრე ეს იყო წინა პერიოდის ეკონომიკურ სტადიაზე.

აღსანიშნავია,  რომ  ოსტრომის ნაშრომები ეხება მცირე მასშტაბების მქონე სიტუაციებს.  იმისათვის, რომ უფრო მეტად გასაგები იყოს, თუ როგორ ესადაგება ეს ნაშრომები დიდი მასშტაბების მქონე სიტუაციებს და სოციალურ ცვლილებებს გთავაზობთ დევიდ ს. უილსონის საინტერესო კვლევას, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ეკონომიკას და ევოლუციურ ბიოლოგიას. ოსტრომისა და უილსონის ნაშრომების გაცნობით გასაგები გახდება, თუ რამდენად წინ გადადგმული ნაბიჯია ეკონომიკის ჰუმანისტური ხელით ფუნქციონირება წინა პერიოდების ეკონომიკებთან შედარებით. ეჭვგარეშეა, რომ ჰუმანისტური ხელის ეტაპზე აშშ-ს ეკონომიკას აქვს შანსი მიაღწიოს ადამიანური ინდექსის ისეთ მაჩვენებლებს, რომლებიც მსოფლიოს სხვა ქვეყნების ეკონომიკებისათვის მიუღწეველია.

ელინორ ოსტრომი და საერთო რესურსები

ელინორ ოსტრომის კვლევები (1990; 2009) ფოკუსირებას ახდენს საერთო კეთილდღეობის რესურსებსა (CPR) და იმ დილემებზე, რასაც ისინი უქმნიან მათ გამომყენებლებს და მთლიანად საზოგადოებას. საერთო კეთილდღეობის რესურსია, მაგალითად, სათევზაო ადგილი, ირიგაციის სისტემა, მიწისქვეშა წყლები, საძოვრები და სხვ. მათი გამოყენება, თავისთავად ცხადია, სარგებელს აძლევს მათ უშუალო გამომყენებელს, მაგრამ ეს რესურსები ნაწილობრივ სხვა ადამიანების სარგებლიანობასაც ამაღლებს. საერთო კეთილდღეობის რესურსები ამოწურვადია და პრობლემაა ის, რომ ყოველი ინდივიდი ცდილობს რესურსების ჭარბად გამოყენებას.  როგორც გარეთ ჰერდენი (1968) აცხადებს - „როდესაც რესურსის ყოველი გამომყენებელი საკუთარ ინტერესს დამოუკიდებლად  მიჰყვება, ეს იწვევს რესურსების ნორმაზე მეტად გამოყენებას და, შესაბამისად, მათ დეფიციტს“.

ტრადიციული ეკონომიკური თეორიის მიხედვით,  ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად არსებობს მხოლოდ ორი გზა. პირველი მათგანია მთავრობის მიერ პირადი ინტერესების მქონე პირებისთვის გადასახადების დაწესება, რათა თავიდან აიცილოს საერთო კეთილდღეობის რესურსების ზომაზე მეტად გამოყენება. მეორეა - საერთო კეთილდღეობის რესურსების პრივატიზაცია -  მათი გადაქცევა კერძო,  გაყიდვად, გამორიცხვად საქონლად  (ოსტრომი, 2009, გვ. 409). ოსტრომი და მისი კოლეგები  აცნობიერებდნენ, რომ პრობლემების მოგვარების ეს სტანდარტული, დიქოტომიური  მიდგომები არ იყო ადეკვატური. მათ შეისწავლეს მრავალი  საერთო კეთილდღეობის რესურსი მსოფლიოს მასშტაბით (ოსტრომი, 1990)  და  გააცნობიერეს, რომ რესურსების ზომაზე მეტად გამოყენება შეიძლება გამოირიცხოს ან შემცირდეს, მაგალითად,  ადამიანების ჯგუფებს შორის კომუნიკაციის   დონეების წახალისებით, მათი ერთმანეთის მიმართ ნდობის დონის და შესაბამისად,  ჯგუფის წევრებს შორის კოოპერაციის ამაღლებით (ოსტრომი, 2009, გვ.409). მოგვიანებით მათ შეისწავლეს,  თუ  როგორ შეუძლიათ საერთო კეთილდღეობის რესურსების გამომყენებლებს სოციალური კაპიტალის შექმნა. გამოკვლევებმა ცხადჰყო, რომ ინდივიდები და ჯგუფები, რომლებიც  იყენებდნენ საერთო კეთილდღეობის რესურსებს, არც თუ ისე სუსტები იყვნენ, მათ თავადვე შეეძლოთ საკუთარი სოციალური დილემების აღმოფხვრა (გვ.416). როგორც გაირკვა, არსებობს საერთო კეთილდღეობის რესურსებთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრის  სხვადასხვა ვარიანტი, რაც შემოთავაზებულია კრეატიული რესტრუქტურიზაციის საჭიროების გათვიცნობიერებული ჯგუფის წევრების მიერ (გვ. 417). მოგვიანებით ოსტრომის კვლევებმა ცხადყო, რომ ადამიანთა იმ ჯგუფებს, რომლებიც მოახდენენ ორგანიზებას და ეფექტიანად გამოიყენებენ საერთო კეთილდღეობის რესურსებს, დიდი ალბათობით შეუძლიათ მიაღწიონ წარმატებას, თუ გაითვალისწინებენ შემდეგ რვა მნიშვნელოვან პრინციპს: (უილსონი, 2015, გვ. 12-13, ოსტრომი, 2009, გვ. 422):

  1. ძლიერი ჯგუფური თვითმყოფადობა და მიზნის სწორად გაცნობიერება.
  2. პროპორციული ბენეფიტები და ღირებულებები. ჯგუფის წევრებმა უნდა მოილაპარაკონ ისეთი სისტემის შექმნაზე, რომელიც შეტანილი წვლილის მიხედვით დააჯილდოებს წევრს.
  3. კოლექტიური შეთანხმებები. გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს კონსენსუსის საფუძველზე ან სხვა პროცესის სამართლიანად აღიარებით.
  4. მონიტორინგი. რესურსების თვითნებური გამოყენების და ექსპლუატაციის თავიდან ასაცილებლად, უნდა იქნეს გამოყენებული მონიტორინგი და გამოვლინდეს დარღვევები.
  5. შერბილებული სანქციები. კანონდამრღვევები არ უნდა დაისაჯონ მკაცრად, ყოველ შემთხვევაში, უფრო მკაცრი სასჯელის გამოყენება მოგვიანებით შეიძლება გახდეს საჭირო.
  6. კონფლიქტის აღიარების მექანიზმები. კონფლიქტები სწრაფად უნდა მოგვარდეს ისე, როგორც როგორც ამას სამართლიანობა მოითხოვს.
  7. უფლებამოსილებების მცირე დოზით მინიჭება. ჯგუფებს უნდა ჰქონდეთ უფლებამოსილება საკუთარი საქმეების წარმართვაში.
  8. იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც უფრო დიდი სოციალური სისტემის ნაწილია, შესაბამის ჯგუფებს შორის უნდა იყოს შესაბამისი კოორდინაცია.

ოსტრომმა (2009, გვ. 419) აღმოაჩინა, რომ დილემების გადალახვის და ეფექტიანი მმართველობის საჭიროება მოსალოდნელზე გაცილებით მაღალი იყო და ამ რესურსის სტრუქტურაზე იყო დამოკიდებული, მოქმედი წესები კი დადგენილი იყო რერუსების გამომყენებლების მიერ.

გარდა ამისა,  ამ კოლაბორაციის წარმატება დამოკიდებული იყო რაციონალურად მოაზროვნე პიროვნებების უნარზე მოეპოვებინათ სრულად სანდო ინფორმაცია იმ სიტუაციებში, სადაც ჯგუფის წევრებს შორის საიმედო ურთიერთკავშირი სუფევდა (გვ. 430).

ოსტრომის კვლევები (2009) გვაძლევს შემდეგი დასკვნის გამოტანის საშუალებას: ჯგუფებში მყოფ ინდივიდებს, რომლებიც სხვის ხარჯზე ოპერირებენ, შეუძლიათ დაიწყონ ფიქრი ჯგუფურად მუშაობაზე. ისინი ამის გაკეთებას შეძლებენ ერთმანეთთან პირისპირ საუბრით, ერთმანეთის ნდობით, კარგი ადამიანისეული ურთიერთობების ჩამოყალიბებით და თავიანთი საერთო მიზნების შესრულებით. გარდა ამისა, მათ ასევე უნდა გააცნობიერონ საკუთარი სიტუაციის სირთულე და კეთილსინდისიერად განახორციელონ მოლაპარაკებები. რას სთავაზობს ეს უკანასკნელი საჯარო პოლიტიკას? „საჯარო პოლიტიკის ძირითადი მიზანი უნდა იყოს ისეთი ინსტიტუციების განვითარების ხელშეწყობა, რომელთა ფუნქციონირებასაც ადამიანებისთვის საუკეთესო შედეგები მოაქვს’’ (გვ. 435-436). ოსტრომის აზრით, კარგად ორგანიზებულმა ინსტიტუტებმა შეიძლება ბიძგი მისცეს ინდივიდებს საერთო კეთილდღეობის რესურსებთან დაკავშირებულ და სხვა რთულ სოციალურ დილემებთან გამკლავების პროცესში წარმატების მისაღწევად  (გვ. 435).

ოსტრომის და მისი კოლეგების ნაშრომების დედააზრი ისაა, რომ მიზანმიმართულ, თანამშრომლობის მაღალი უნარის მქონე პიროვნებებს შეუძლიათ მიიღონ უკეთესი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები, ვიდრე ამას კაპიტალისტური ეკონომიკები შეძლებდნენ. რა თქმა უნდა, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ოსტრომის კვლევა საერთო კეთილდღეობის რესურსებთან დაკავშირებით ეხება კონკრეტულად შედარებით მცირე მასშტაბების მქონე სიტუაციებს. თუმცა, მოსალოდნელია, რომ მსგავსი სასურველი შედეგები შესაძლოა დადგეს უფრო დიდი მასშტაბების მქონე სიტუაციებისთვის. განვიხილოთ დევიდ უილსონის შეხედულებები ამ საკითხთან დაკავშირებით.

საერთო კეთილდღეობის პრინციპების განზოგადება

დევიდ უილსონი არის ევოლუციონერი ბიოლოგი. ასე, რომ გასაკვირი არ არის მისი ერთ–ერთი კვლევითი ინტერესი იყო დარვინის ბუნებრივი გადარჩევის თეორია, რომელიც ეხებოდა ყველა სახის ცოცხალი ორგანიზმის ევოლუციას. ბოლო პერიოდში ვილსონის ინტერესის სფერო გადაიხარა საზოგადოებების კულტურული ევოლუციისკენ, განსაკუთრებით კულტურული ევოლუციის იმ სახეობისკენ, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარება და სამყარო ამგვარად გახადოს უკეთესი საცხოვრისი საზოგადოებისთვის (უილსონი, 2015, გვ.6).

უილსონისათვის ფუნქციური ორგანიზაცია არის დადებითი სოციალურ-ეკონომიკური ცვლილების გამომწვევი კულტურული ევოლუციის არსებითი კომპონენტი. ბიოლოგიური გადმოსახედიდან რომ  განვმარტოთ:

  • ,,რაიმე ფუნქციურადაა ორგანიზებული, როდესაც მისი ნაწილები კოორდინირებულად მოქმედებენ კონკრეტული მიზნის მისაღწევად. უჯრედის და მრავალუჯრედიანი ორგანიზმის ორგანოები არის ფუნქციური ორგანიზაციის ნიმუშები, რაც შექმნილია ბუნებრივი გადარჩევით თვითგადარჩენის და გამრავლების ხელშესაწყობად’’ (უილსონი, 2015, გვ.9).
  • ,,როდესაც ორგანიზმების ჯგუფი ფუნქციურად არის ორგანიზებული, მისი წევრები კოორდინაციას უწევენ თავიანთ საქმიანობას საერთო მიზნის მისაღწევად. ისევე როგორც სხეულის ორგანოები და კონსერვის ქილის გასახსნელის ნაწილები. ჯგუფს, რომელიც ძალიან კარგად არის ორგანიზებული, შეიძლება ეწოდოს სუპერორგანიზმი...”(გვ. 9).

გავიხსენოთ ოსტრომის ანალიზი: რა ხდება, როდესაც საერთო კეთილდღეობის რესურსების გამომყენებლები რესურსებს ანაწილებენ იმგვარად, რომ ეს მათ საშუალებას აძლევს გადაფარონ დესტრუქციული  ქმედებები, რაც, სხვა შემთხვევაში, გამოიწვევდა რესურსების ზომაზე მეტად გამოყენებას და დეფიციტს. სავარაუდოდ, საერთო კეთილდღეობის რესურსების ასეთი ორგანიზაციული საქმიანობის შედეგია ის, რომ ორგანიზაცია შემდგომში უფრო მეტად დაეყრდნობა თანამშრომლობით ურთიერთობებს, რაც მას ფუნქციურ ორგანიზაციად გადააქცევს. საერთო კეთილდღეობის რესურსების ფუნქციურად ორგანიზების დროს ჯგუფების წევრები ახდენენ თავიანთი ქმედებების კოორდინაციას იმგვარად, რომ მიაღწიონ საერთო მიზანს. დისფუნქციური ტენდენციის აღმოსაფხვრელად აღნიშნული ორგანიზაციის წევრები ასევე ცდილობენ აამაღლონ საზოგადოების საერთო კეთილდღეობა (უილსონი, 2015, გვ. 9;29).

უნდა აღინიშნოს, რომ საერთო კეთილდღეობის რესურსების უარყოფითი ტენდენციები ძალიან ჰგავს იმ ტენდენციებს, რაც არსებობს ბევრ ჩვეულებრივ კონკურენტულ ბაზარზე. საბოლოოდ, დიდი ალბათობით, შედეგი ბაზრის ჩავარდნაა. ბიზნესმენები, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, გამოიყენებენ მანიპულაციებს, მოტყუების მეთოდებს და სხვადასხვა ხრიკს, რათა მომხმარებლებს გადაახდევინონ დიდი ოდენობის ფული ისეთ საქონელში, რაც მათ არ სჭირდებათ (ტომერი, 2017, გვ.77). სავარაუდოდ, თუ ამის ნაცვლად ეს ბაზრები ფუნქციური ნიშნით მოეწყობოდა, მომხმარებლები და ბიზნესი ერთმანეთთან კომუნიკაციასა და თანამშრომლობას შეძლებდნენ. ისინი კოორდინაციას გაუწევდნენ თავიანთ მოქმედებებს, სავარაუდოდ იპოვიდნენ საერთო მიზანს და ბიზნესმენების საქმიანობა ჩაჯდებოდა სოციალურად მიღებული ნორმების ჩარჩოებში. შესაბამისად, კომპანიები შეძლებდნენ თავიანთი მომხმარებლების რეალური მოთხოვნილებების და უპირატესობების გაანალიზებას და მათ მიაწვდიდნენ იმ საქონელს, რომელიც რეალურად სჭირდებათ და არა იმას, რაც მხოლოდ კომპანიის მფლობელების შემოსავლებს გაზრდიდა (გვ.89).

ვილსონის, ოსტრომის და კოქსის მიხედვით, (2013), ამიერიდან WOC - პროექტირების ძირითადი საერთო რესურსების წარმატებულ განაწილებასთან დაკავშირებული პრინციპები, შეიძლება განზოგადდეს ისე, რომ ის სასარგებლო იყოს სხვა კონტექსტშიც, მაგალითად, ბაზრის ფუნქციონირების შედეგების გაუმჯობესებისათვის. WOC-ის მტკიცებით, „პრინციპებს გააჩნია იმაზე ფართო სპექტრი, ვიდრე საერთო კეთილდღეობის რესურსების ჯგუფებს და ის რელევანტურია ნებისმიერი სიტუაციისთვის, სადაც ადამიანებს უწევთ კოოპერირება და კორდინირება საერთო მიზნის მისაღწევად... ეს პრინციპები შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც პრაქტიკული სახელმძღვანელო ჯგუფის მუშაობის ეფექტიანობის ასამაღლებლად“ (გვ. S 22).

განათლება არის ერთ-ერთი იმ სფეროთაგანი, რომელიც პროექტირების ძირითადი პრინციპების გამოყენებით წარმატებით ფუნქციონირებს, ვინაიდან საკლასო სიტუაციებში ხშირად გამოიყენება აღნიშნული პრინციპები (WOC, 2013, გვ. S27). არსებობს საფუძველი იმაზე ფიქრისა, რომ აღნიშნული პრინციპების გამოყენებამ საგანმანათლებლო სფეროში ,,გავლენა შეიძლება იქონიოს საკლასო ოთახში მყოფთა ქცევაზე’’ არამხოლოდ მოკლევადიან, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაშიც (გვ. S27). მასაჩუსეტსის Sudbury Valley-ის სკოლა მაღალი საგანმანათლებლო წარმატების ნათელი მაგალითია. ამ სკოლაში, რომელსაც აქვს ძლიერი დემოკრატიული და ნორმატიული სივრცე და რომლის დევიზიცაა მოტივირებული სწავლება, პროექტირების ძირითადი პრინციპების დანერგვამ ხელი შეუწყო ისეთი გარემოს ჩამოყალიბებას, რომელშიც ადგილი არ აქვს მოსწავლეების ჩაგვრას და სხვა პრობლემურ საკითხებს (გვ. S28).

შემდეგი მნიშვნელოვანი სივრცე,  რომელსაც შეუძლია პროექტირების ძირითადი პრინციპების წარმატებით გამოყენება, არის სამეზობლოები. ორი საკითხის შესწავლამ იმის ნათელი მაგალითი მოგვცა, თუ რა უპირატესობები გააჩნია პროექტირების ძირითადი პრინციპების გამოყენებას სამეზობლოებისთვის.  პირველი საკითხი ეხება  დასავლეთის საზოგადოების გაერთიანებას ბუფალოსა და ნიუ იორკში.  მეორე კი ცნობილია სახელწოდებით: ,,დააპროექტეთ თქვენი პარკი თქვენ თვითონვე ბინგამტონში, ნიუ იორკში“.

პირველი ყურადღებას ამახვილებს სამეზობლოზე, ,,რომელიც ხასიათდება საბინაო მარაგების არსებითად შემცირებით; იატაკქვეშა ეკონომიკის მომძლავრებით და ქონების ღირებულებების საგრძნობლად შემცირებით” (WOC, 2013, გვ. S29). ამ შემთხვევაში, პრინციპების უმეტესობის გამოყენებამ გადაჭრა წლების მანძილზე დაგროვილი პრობლემები. მეორე შემთხვევის დროს, აღნიშნული პრინციპები გამოიყენეს სამეზობლო პარკის შესაქმნელად (გვ. S29) და დროთა განმავლობაში მათ შეძლეს შეექმნათ ,,უსაფრთხო, დაცული, ესთეტიურად მიმზიდველი გარემო’’.

აღნიშნულ და სხვა შემთხვევაში, პროექტირების ძირითადი პრინციპების გამოყენების შედეგია ის, რომ შესაძლებელია ამ პრინციპების განზოგადება, რადგან ისინი ”გამომდინარეობს არა მხოლოდ პოლიტიკური თეორიიდან, არამედ ცხოველთა ნებისმიერი სახეობისთვის და თვითონ ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი და გამოიხატება თანამშრომლობის ფორმით’’ (WOC, 2013, გვ. 30).

,,ჩვენი დაკვირვება რამდენიმე მაგალითზე... მხოლოდ ზღვაში წვეთია, მაგრამ ადასტურებს იდეას, რომ პროექტირების ძირითადი პრინციპები შეიძლება განზოგადდეს. ადამიანის სოციალური ქცევის შემსწავლელი ვრცელი ლიტერატურა შეიძლება დავაკავშიროთ პროექტირების ძირითად პრინციპებთან რეტროსპექტივაში და მოვახდინოთ მათი განზოგადება’’ (გვ. S30).

ჰუმანისტური ხელის ეკონომიკის გზაზე

აშშ-ს ეკონომიკა საკმაოდ კარგად ფუნქციონირებს წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, მაგრამ შედარებით უხეიროდ ართმევს თავს სოციალურ პრობლემებს.  როგორ უნდა შეიცვალოს აღნიშნული სიტუაცია, ანუ როგორ უნდა მოხდეს ჰუმანისტური ხელის სტადიაზე გადასვლა? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა იმის გააზრება, რომ ძირითადი პრინციპების განზოგადებული ვერსია, რომელიც გამოიყენება CPR დისფუნქციების დასაძლევად, შესაძლოა ასევე იქნეს გამოყენებული ეკონომიკის ბევრი ადამიანისეული დისფუნქციის აღმოსაფხვრელადაც. სავარაუდოდ, ძირითადი პრინციპების სწორად გამოყენება საშუალებას მისცემს ეკონომიკას დაძლიოს საკუთარი ჩავარდნები, რომელიც უკავშირდება სიმსუქნეს, სიღარიბეს, სხვადასხვა მავნე დამოკიდებულებას და ა.შ. იმისათვის, რომ ამ მიმართულებით სვლა შევძლოთ, აუცილებელია იმ დისფუნქციების (ჩავარდნების) აღმოფხვრისკენ ორიენტირებული კულტურული ევოლუციის პროცესი, რაც ადამიანს უკავშირდება. კულტურული ევოლუცია, უილსონის სიტყვებით (2015, გვ. 19-21), ჰგავს ბუნებრივ შერჩევას,  რომელიც დაფუძნებულია კონკრეტულ პიროვნებაზე, იმისგან განსხვავებით, რომ ამ შემთხევაში საქმე გვაქს ,,ბუნებრივ შერჩევასთან ჯგუფებს შორის’’.  კულტურული ევოლუცია მოიცავს მრავალ სოციალურ ექსპერიმენტს, რომელთაგან ზოგიერთი წინასწარაა განსაზღვრული, ზოგიც - სიტუაციურია (Wilson 2011, pp. 353-354). ზოგიერთი კულტურული ევოლუცია შეიძლება ჩაითვალოს „მართვად მუტაციად“ (გვ. 354).  უილსონი წერს: „ცხოვრება რთულია, ჩვენი აღქმის უნარი კი მნიშვნელოვნად შეზღუდული. ჩვენ გვჭირდება მრავალი ალტერნატივის განხილვა და მათ შორის საუკეთესოს არჩევა შესაბამისი შედეგების გათვალისწინებით. ჩვენ გვჭირდება, რომ ვმართოთ ჩვენი კულტურული ევოლუციის პროცესი“ (გვ. 354).

კულტურული ევოლუციის პროცესით სასურველი შედეგების მიღება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი მასშტაბის შერჩევის შემთხვევაში, რომელიც გაცილებით ფართოა პროექტირების პროცესთან შედარებით. კულტურული ევოლუციის პროცესი მუდმივად მიმდინარეობს, მაგრამ არა მაინცდამაინც ისეთი, რომელიც მიგვიყვანს სასურველ ფუნქციურ ორგანიზაციამდე.  რაღაც მარტივად შეიძლება აირიოს და გაუთვალისწინებელი შედეგები გამოიწვიოს (Wilson, 2011, p. 354).  როგორც ჩანს, ყოველთვის იარსებებს ადამიანთა ისეთი მნიშვნელოვანი ჯგუფი, რომელიც მუდმივად შეეწინააღმდეგება კარგ იდეებს. ყველაზე კარგი, რისი იმედიც შეიძლება გვქონდეს, ეს არის კარგი ლიდერები და ქვეყნის  ძლიერი, მიზანსწრაფული მოსახლეობა. იმის ცოდნა, რომ არსებობს ძირითადი პრინციპები, რომლებსაც ჯეროვნად დაცვამ შეიძლება გააუმჯობესოს ადამიანთა მდგომარეობა, ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. სოციალ-ეკონომიკური დისფუნქციის დაძლევის მიზანი ბევრისთვის თავისთავად არის მოტივაციის წყარო; ჰუმანისტური ხელის ეტაპზე გადასვლის ჯილდო, რომელიც მოიცავს  პოზიტიურ ინსტიტუციურ ტრანსფორმაციას, რაც უდავოდ ფასეულია.

დასკვნა

აღსანიშნავია, რომ წამყვანი ავტორების ნაწილი (ა. ჩანდლერი, რ. ლანგლოისი და სხვ.), რომელთაც არსებითი ცოდნა გააჩნდათ აშშ-ს ეკონომიკის განვითარების სტადიების შესახებ, აქტიურად იყენებდნენ მეტაფორებს, როგორც მოკლე გზას ეკონომიკის ფუნქციონირების მექანიზმის დასახასიათებლად. ნაშრომმა შემოგვთავაზა მნიშვნელოვანი ეკონომიკური პერიოდების შედარებით მოკლე განმარტებები მეტაფორების („უხილავი ხელი“, „ხილული ხელი“, „გაქრობადი ხელი“) საშუალებით. ეჭვგარეშეა, რომ არიან ეკონომისტები, რომელთაც შეუძლიათ სხვანაირად დაახასიათონ ამერიკის ეკონომიკის განვითარების ეტაპები. ასეა თუ ისე, ნაშრომში განხილული პერიოდები განსაკუთრებით საჭიროებს გამოყოფას და მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის  იმის თაობაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს შემდეგი ეკონომიკური სტადია - ჰუმანისტური ხელი.

ნაშრომის შემდეგი ნაწილი ეხება ელინორ ოსტრომისა და დევიდ უილსონის კვლევებს, სადაც ასახულია ფუნქციური ორგანიზაციების თვისებები, რომლებსაც მოიცავს ჰუმანისტური ხელის ეკონომიკური სტადია. ოსტრომმა გააცნობიერა, რომ ჯგუფებს უჭირთ ფუნქციონირება, როდესაც მისი წევრები ზრუნავენ მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე სხვების კეთილდღეობის შემცირების ხარჯზე, ეს იწვევს ჯფუფის ფუნქციონირების არევას და კრახს. ოსტრომმა და უილსონმა განაცხადეს, რომ საჭიროა ფუნქციური ორგანიზაციის ჩამოყალიბება, რომლის წევრებიც ერთმანეთს ნდობას გამოუცხადებენ, საერთო მიზნის მიღწევაში იქნებიან ერთად ჩართულები და გამოავლენენ კომუნიკაბელურობის მაღალ დონეს. ჰუმანისტური ხელის ეკონომიკა არის ის ეკონომიკა, სადაც დომინანტი ეკონომიკური ორგანიზაციები ფუნქციური ორგანიზაციების სახითაა წარმოდგენილი. აღნიშნულ ორგანიზაციებში ეკონომიკური აქტიურობიდან  ადამიანისეული დანახარჯები გაცილებით ნაკლები იქნება აშშ-ს თანამედროვე ეკონომიკის პირობებში ფუნქციონირებად კომპანიებთან შედარებით. უდავოა, რომ მისი ფუნქციონირების მაღალი დონიდან, არაეკონომიკური სახის მოტივაციიდან, ადამიანისეული დანახარჯების მცირე დონიდან და კეთილდღეობის ზოგადად მაღალი დონიდან გამომდინარე, გვჭირდება ჰუმანისტური ხელის ეკონომიკა. შეუძლია კი კულტურულ ევოლუციას მიგვიყვანოს ჰუმანისტური ხელის ეკონომიკამდე? ამ მომენტისათვის ამაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს. თუმცა, ამერიკის მოსახლეობის საკმაოდ მნიშვნელოვანი და ამასთან მზარდი ნაწილი, ემხრობა ჰუმანისტური ხელის ეკონომიკაზე გადასვლას.

ლიტერატურა:

References:

  • Chandler Jr. Alfred D. (2019) Wikipedia, January.
  • Chandler Jr. Alfred D.  (1977) The Visible Hand: Managerial Revolution in American Business. Cambridge, MA: Harvard University Press.
  • Chappell, T. (1993) The Soul of a Business: Managing for Profit and the Common Good. New York: Bantam Books.
  • Hardin, G. (1968) “The Tragedy of the Commons.” Science, 162, pp. 1243-1248.
  • Lager, F. “Chico” (1994) Ben and Jerry’s: The Inside Scoop. New York: Crown Trade.
  • Langlois,  R.  (2003)  “The  Vanishing  Hand:  The  Changing  Dynamics  of  Industrial Capitalism.” Industrial and Corporate Change, 12(2), pp. 351-385.
  • McCloskey, D. (1985) The Rhetoric of Economics. Madison. Wisconsin: University of Wisconsin Press.
  • McCraw, Thomas K. (2008) “Alfred Chandler: His Vision and Achievement.” Business History Review, 82(2), Summer, 207-226.
  • Ostrom E. (1990) Governing the Commons: The Evolution of Institutions for Collective Action. Cambridge: Cambridge University Press.
  • Ostrom E. (2009) “Beyond Markets and States: Polycentric Governance of Complex Economic Systems.” Nobel Prize Lecture.
  • Roddick A. (1991) Body and Soul: Profits with Principles—The Amazing Success Story of Anita Roddick and The Body Shop. New York: Crown Trade.
  • Smith A. (1937 [1776]) An Inquiry into the Nature and Causes of the Wealth of Nations. New York: Modern Library.
  • Tomer John F. (2017) “Why Consumers Are Not Sovereign: The Socio-Economic Causes of Market Failure.” Real-World Economics Review, 81, September, pp. 76-90.
  • Usselman, Steven W. (2006) “Still Visible.” Technology and Culture, 47(3), July, pp. 584-596.
  •  Wilson David S., Ostrom E.,Cox Michael E. (2013) “Generalizing the Core Design Principles for the Efficacy of Groups.” Journal of Economic Behavior and Organization, 90S, pp. S21-S32.
  • Wilson, David S. (2011) The Neighborhood Project: Using Evolution to Improve My City, One Block at a Time. New York: Little, Brown.
  • Wilson, David S. (2015) Does Altruism Exist? Culture, Genes, and the Welfare of Others. New Haven: Yale University Press.